
ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგიის სალექციო კურსის დაარსება და არქეოლოგიის კათედრის შექმნა. 1918 წლის 21 მაისს, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ, ქართული არქეოლოგიის წინაშე დიდი ღვაწლისათვის, ექვთიმე თაყაიშვილს ქართული არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი
honoris causa
მიენიჭა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრამ არაერთი მკვლევარი არქეოლოგი მოამზადა. 1967 წელს უნივერსიტეტში, პროფესორ ოთარ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, დაარსდა არქეოლოგიის კაბინეტი, რომლის ბაზაზე მომავალში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მუზეუმის მდიდარი არქეოლოგიური ფონდი. აქ წარმოდგენილი არქეოლოგიური ძეგლების კოლექცია, ასახავს პერიოდს ქვის ხანიდან გვიან შუა საუკუნეებამდე. ეს ექსპონატები მოპოვებულია საქართველოს სახვადასხვა კუთხეში, მათ აღმოჩენასა და შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოსათვის არამედ წინააზის არქეოლოგიისათვის.