თსუ-ს შესახებ
სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ისტორია | რექტორები | გერბი | მუზეუმი | პანთეონი

გეოგრაფიის ფონდი

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღეებიდანვე დაიწყო ზრუნვა გეოგრაფიის მეცნიერების სათანადოდ სწავლებისა და კვლევისათვის. უნივერსიტეტის დამფუძნებლები  ძალღონეს არ იშურებდნენ თითოეული მეცნიერების თვალსაჩინო მასალებით გამდიდრებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია 1918 წ. ცნობილი რუსი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის დიდი ნაწილის უნივერსიტეტის მიერ შეძენა.
   1920 წელს უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტთან დაარსდა ზოგადი გეოგრაფიისა და ანთროპოლოგიის კათედრა, რომლის გამგედ დაინიშნა პროფესორი ალექსანდრე ჯავახიშვილი. 1924 წ. შეიქმნა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება და თანდათან მკვიდრ ნიადაგზე დადგა გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება.
   1958 წ. ივნისში  უნივერსიტეტში მოეწყო ლანდშაფტმცოდნეთა  მესამე საკავშირო კონფერენცია. კონფერენციისთვის ქართველმა მეცნიერებმა მოამზადეს 13 მოხსენება და უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დერეფანში მოაწყვეს გამოფენა. აქ წარმოდგენილი იყო ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილი რუკები, სამეცნიერო შრომები, ფოტოები. ამ გამოფენის ბაზაზე გეოგრაფთა თათბირმა დაადგინა თსუ-ში გეოგრაფიის მუზეუმის დაარსება. სულ მოკლე ხანში, 1958 წ. 1 სექტემბერს უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე დაარსად გეოგრაფიული მუზეუმი, რომელიც თანდათანობით ივსებოდა გეოგრაფიული საზოგადოების მიერ გადმოცემული და ქარტველ მეცნიერთა მიერ მოპოვებული მასალებით.
  გეოგრაფიის ფონდის კოლექციებიდან გამოსარჩევია დიდი ქართველი მამულიშვილის სულხან-საბა ორბელიანის ნაქონი მსოფლიოს ატლასი. იგი დაბეჭდილია გერმანიაში გერმანულ ენაზე 1706 წ. ამ ატლასზე ღვაწლმოსილ ლექსიკოგრაფსა და დიპლომატს დიდ ხანს უმუშავია და სინგურით (წითელი მელნით) მიუსერია სხვადასხვა ტოპონიმებისთვის ქართული შესატყვისები. ეს ატლასი მას ევროპაში 1713-16 წწ. მოგზაურობიდან ჩამოუტანია. გეოგრაფიის ფონდში ინახება ალ. ჯავახიშვილის მიერ შექმნილი საქართველოს რელიეფური რუკა. აქვე ინახება კავკასიისა და სხვა მხარეების რელიეფური რუკები. დ. ერმაკოვის კოლექციიდან საყურადღებოა 1904 წ. გადაღებული თბილისის ფოტოხედი და ასევე ფოტოგრაფ ენგელდის მიერ გადაღებული თბილისის პანორამა გადაღებული მტკვრის მარცხენა სანაპიროდან. იგი XX ს. 80-იან წლებში ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოიტანა პროფესორმა დ. ლორთქიფანიძემ. გეოგრაფიის ფონდში დაცულია აგრეთვე უნიკალური ფოტომასალა, რომელიც ასახავს ეთნოგრაფიულ ყოფასა და ანთროპოლოგიურ ტიპებს. ასევე აქვეა დაცული კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე კარტოგრაფიული მასალები.

 
 
ბოლო განახლება: 29 ივლ'10 13:18 | გვერდების ნახვა: 5,538,123
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili