თსუ-ს შესახებ
სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
უნივერსიტეტის ისტორია | რექტორები | გერბი | მუზეუმი | პანთეონი

ქართული ემიგრაციის მუზეუმი

თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი დაარსდა 1994 წლის 10 ოქტომბერს ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის გახსნასთან დაკავშირებით.


მუზეუმი გაიხსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გურამ შარაძის პირადი ფონდის ბაზაზე – 1981 წლიდან მის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი ემიგრანტული უნიკალური წიგნები, პერიოდული გამოცემები, ემიგრანტთა პირადი არქივები, ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივები, რადიო "თავისუფლების" გადაცემების აუდიო-ბაბინები, ცნობილ ემიგრანტთა მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, ვიკტორ ნოზაძის ცნობილი პარიზული ქართული სტამბა და ა.შ.
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით:
1. საფონდო-საარქივო
2. საგანმანათლებლო
3. სამეცნიერო
4. საექსპოზიციო


მუზეუმის ფონდები
1. წიგნადი ფონდი – 1374 წიგნი. 840 – ქართული, 570 – უცხოური (ფრანგული, გერმანული, ინგლისური, რუსული, იტალიური, ესპანური, თურქული, ივრითზე და ა.შ.);
2. პერიოდული გამოცემები – 70 დასახელების 10.000-მდე ჟურნალ-გაზეთი ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, თურქულ, ესპანურ, ჰოლანდიურ ენებზე;
3. საარქივი ფონდი:


ა) 80-ზე მეტი პირადი არქივი – ნაწერები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, პირადი და ოფიციალური დოკუმენტები (დამუშავება გრძელდება). დაცულია ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, კონსტანტინე კანდელაკის, ევგენი გეგეჭკორის, ვიკტორ ნოზაძის, გრიგოლ რობაქიძის, მიხაკო წერეთლის, ექვთიმე თაყაიშვილის, ზურაბ ავალიშვილის, შალვა მაღლაკელიძის, გიორგი მაჩაბლის, გიორგი გვაზავას, რაფიელ ივანიცკი-ინგილოს, კალისტრატე სალიას და სხვათა არქივები. აღნიშნულ არქივებში დოკუმენტთა 90% არის ხელნაწერი (ავტოგრაფი), დანარჩენი 10% ნაბეჭდი სახითაა.
ბ) ფოტო-არქივი – 400 სამუზეუმო საქაღალდე. აქ შედის პერსონალური (ცნობილი ემიგრანტები), ჯგუფური, თემატური, ნაკლებად ცნობილი ემიგრანტების ფოტოები. მუზეუმში დაცულია უნიკალური ფოტო-მასალა (დედნები, ასლები, ნეგატივები);
გ) აუდიო-თეკა – 325 ბაბინა და 40-ზე მეტი კასეტა. დაცულია რადიო "თავისუფლების" მიერ 40 წლის მანძილზე გაშვებული გადაცემების ბაბინები, რომლებზეც შემონახულია გრიგოლ რობაქიძის, ვიკტორ ნოზაძის, ნოე ჟორდანიას და სხვა ცნობილ ემიგრანტთა ხმები (ინტერვიუ, მიმართვები და სხვ.);


დ) ვიდეოთეკა – 200 ვიდეოკასეტა (გადაღებულია გ. შარაძის მიერ ცნობილ ემიგრანტებთან).
ე) მემორიალური – დაცულია ნოე ჟორდანიას, კიტა ჩხენკელის, ვიკტორ ნოზაძის პირადი ნივთები;
4. ფერწერული ტილოები – გრ. რობაქიძის, ირაკლი (კაკი) წერეთლის, გივი კობახიძის პორტრეტები, პეიზაჟები;
5. ვიკტორ ნოზაძის ცნობილი ქართული სტამბა.
მუზეუმს აქვს მუდმივი ექსპოზიცია, რომელიც განთავსებულია მხატვარ კობა გურულის მიერ შექმნილ სტენდებსა და ვიტრინებში.


თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმში ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები ცნობილ ქართველ ემიგრანტებთან.
მუზეუმის წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს უწევენ სტუდენტებს საკურსო და სადიპლომო ნაშრომებზე მუშაობისას, ასევე მეცნიერ-მუშაკებსა და ავტორებს. მათ საშუალება ეძლევათ გამოიყენონ მუზეუმში დაცული უნიკალური ემიგრანტული მასალა.
მუზეუმის ფონდების გამოყენებით გამოიცემა წიგნები.
ექსკურსიაზე მოსულ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს საინტერესო და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან მუზეუმის ექსკურსიამძღოლები.
თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი განთავსებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, IV სართულზე (თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N13, ტელ.: 29-15-53).


თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი

გრიგოლ რობაქიძის ნაწერები

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფულები და საფოსტო მარკები

ვიკტორ ნოზაძის მემორიალური ნივთები

ნოე ჟორდანიასა და ვიკტორ ნოზაძის სამგზავრო ჩემოდნები



 
 
ბოლო განახლება: 29 ივლ'10 13:18 | გვერდების ნახვა: 5,538,251
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili