ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი - "უნივერსიტეტი" ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა 1934 წელს. წლების მანძილზე იცვლებოდა ხელმძღვანელობა და ანსამბლის შემადგენლობა, მაგრამ, დაუღალავი შრომისა და დიდი ენთუზიაზმის შედეგად, ანსამბლმა მალე მოიპოვა პოპულარობა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს. ამ პერიოდის განმავლობაში ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ ქართული ცეკვის გამოჩენილი ქორეოგრაფები: ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, რომან ჭოხონელიძე, იასონ ზედაშიძე. დღეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, თენგიზ ყურაშვილი, ხოლო მთავარი ქორეოგრაფი -დავით კიკვაძე.
ანსამბლის რეპერტუარი მთლიანად მოიცავს საქართველოს რეგიონების ქორეოგრაფიულ ფოლკლორს: "გურული ფერხული ფარცით", "ქართული", "ხორუმი", "აჭარული", "ფარიკაობა", "ყაზბეგური", "სამაია", "მლეთური", "შეჯიბრი", "ქალთა ხორუმი", "ნარნარი", "რაჭული", "სვანური".
ქორეოგრაფიული ანსამბლი "უნივერსიტეტი" 35 წევრისგან შედგება. მათ შორის 11 გოგო, 17 ვაჟი, ოთხი აკომპანიატორი და 3 ხელმძღვანელი. ანსამბლი წარმატებით მონაწილეობდა მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამართულ ფესტივალებში. მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, აშშ-ში, იაპონიაში, ეგვიპტეში, ჩინეთიში, საბერძნეთში, ინდოეთში, ნეპალში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში.
თსუ ქორეოგრაფიული ანსამბლის უახლესი მიღწევებიდან აღსანიშნავია: ქალაქ ვარნაში საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული გრან-პრი; ესპანეთში (ბარსელონა, ვალენსია, მალიორკა, გრანდ კანარია) გამართულ ფოლკლორულ ფესტივალ – ტურნეში მიღებული გრან-პრი; თურქეთის ქალაქ ბურსაში საქართველოს კულტურის დღეებში მონაწილეობა; გრან პრი - თბილისში ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე (2008 წ). 2009 წლის სექტემბრი თვეში იტალიაში სიცილიაზე ქ. გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ანსამბლმა 4 გრან-პრი მოიპოვა.
ანსამბლი სისტემატიურად აგრძელებს მუშაობას ძველი ეროვნული ცეკვების მოძიებაზე და თანამედროვე ქორეოგრაფიული ფორმებით მათ მიტანას მაყურებლამდე.







