თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

გაზეთის ისტორია

წინა გვერდი
1 2 3
შემდეგი გვერდი

გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” ისტორია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მეცხრე წელს, უნივერსიტეტის დამაარსებელთა დიდი მონდომებითა და ძალისხმევით, ქართველმა საზოგადოებამ იხილა საუნივერსიტეტო გაზეთი. ეს იყო 1927 წელი და მას `ტფილისის უნივერსიტეტი~ ერქვა, მისი რედაქტორი სახელოვანი მეცნიერი, პროფესორი აკაკი შანიძე გახლდათ.
 1928 წელს გაზეთს სახელწოდება შეეცვალა და `პროლეტარულ სტუდენტთა ხმა~ დაერქვა. 30-იანი წლების ბოლოს, გაზეთს კვლავ შეეცვალა სათაური და მისი სახელწოდება გახლდათ `ბოლშევიკური კადრებისათვის”. მიუხედავად იმისა, რომ სათაურიდანაც კარგად ჩანს, თუ რა სულისკვეთების და მიმართულების უნდა ყოფილიყო უნივერსიტეტის გაზეთი, მან მაინც შეასრულა უნივერსიტეტის ცხოვრების ერთგვარი მემატიანის როლი.
 დიდი სამამულო ომის წლებში გაზეთის პერიოდულობა საგრძნობლად შეიცვალა. იგი მართალია დაყოვნებით, მაგრამ მაინც იბეჭდებოდა. ამ დროსთვის გაზეთის რედაქტორი ალექსანდრე ჯანელიძე გახლდათ. ძნელბედობის პერიოდში უნივერსიტეტის გაზეთი აღარ გამოდიოდა და მრავალი წელი ასე გაგრძელდა.
1951 წლის მაისში უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის დიდი მონდომების შედეგად, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება თბილისის უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანი გაზეთის განახლებული გამოცემის შესახებ. ამავე დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა გაზეთის ფორმატი, პერიოდულობა, ტირაჟი და სათაურიც. გაზეთს `ახალგაზრდა სტალინელი~ ეწოდა.

უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს ნიკო კეცხოველს თბილისის უნივერსიტეტის ასპირანტი ტარიელ კვანჭილაშვილი (შემდეგში პროფესორი) დაუბარებია და გაზეთის რედაქტორობა დაუვალებია. ბატონი ტარიელი თავის ერთ მოგონებაში იხსენებს, თუ როგორ წაიყვანა რექტორმა თსუ-ის სტამბაში, როგორ შეუთანხმდა სტამბის მაშინდელ დირექტორს გიორგი ოქიტაშვილს და როგორ გამოუყო ამ უკანასკნელმა სტამბაშივე ერთი მაგიდა. `მივუჯექი ჩემს მაგიდას და ვფიქრობდი, რა ვაკეთო, რით დავიწყო, მე ხომ გაზეთი არასდროს მიკეთებია. და თანაც, რედაქტორიც ვიყავი, კორესპონდენტიც, კორექტორიც, სტილისტიც და შიკრიკიც. შტატების უქონლობა ჩემი ამხანაგების მხარში დგომამ დაფარა. სულ გვერდით მედგნენ: არჩილ სულაკაური, ზურაბ ჭუმბურიძე, მაგალი თოდუა, რეზი თვარაძე, თამაზ ჩხენკელი, ნოდარ დუმბაძე და სხვები~ (ამონარიდი ტარიელ კვანჭილაშვილის მოგონებებიდან).

სტუდენტებს შტატგარეშე განყოფილებები დაუარსებიათ, შეუქმნიათ კორესპონდენტთა ქსელი, რომელშიც ყველა ფაკულტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. ფუნქციების ამგვარად გადანაწილებამ შედეგი გამოიღო და უკვე 1 ივნისს უნივერსიტეტის გაზეთის `ახალგაზრდა სტალინელის~ პირველი ნომერი გამოვიდა.
'ვერ წარმოიდგენთ, რა ხალისითა და მონდომებით თანამშრომლობდნენ ადამიანები გაზეთის შექმნაში. გაზეთი ყოველ ოთხშაბათს გამოდიოდა და მთავარი კორპუსის ვესტიბიულის კიბესთან იყიდებოდა. ნაკლოვანებებიც გვქონდა, მრავალგზის გაგვაკრიტიკეს კიდეც, მაგრამ მთავარი იყო ის აღმაფრენა და სულისკვეთება, რაც მაშინ უნივერსიტეტში სუფევდა", _ იხსენებდა ტარიელ კვანჭილაშვილი.
 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 16:10 | გვერდების ნახვა: 37,359,319
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili