თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა
ფაკულტეტები
საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა

პოლიტიკის მეცნიერებათა

დღეს საქართველოში ალბათ ვერ ვიპოვით ადამიანს, ვისაც პოლიტიკის თემაზე არ უმსჯელია. პოლიტიკური პრობლემები ცხარე დებატების საგანია. თუმცა, რაც უფრო მეტი იცი პოლიტიკის შესახებ, მით უფრო სწორი წარმოდგენა გექმნება მიმდინარე პროცესებზე და გიფართოვდება მასში მონაწილეობის შესაძლებლობები.
პოლიტიკის შესახებ კაცობრიობამ დააგროვა უდიდესი ცოდნა, რასაც დღეს “პოლიტიკურ მეცნიერებებს” ვუწოდებთ და მრავალი დისციპლინისა და მიმართულების სახითაა წარმოდგენილი. ამ ცოდნის მიღების შესაძლებლობას იძლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი პოლიტიკური მეცნიერების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
პოლიტიკის შესწავლას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია და ამ ტრადიციის გასაგრძელებლად კარგი საფუძველი იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921 წ.წ.). თუმცა, საქართველოს გასაბჭოებამ დიდი ხნით შეაფერხა პოლიტიკური მეცნიერების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. საქმე ისაა, რომ არადემოკრატიული მმართველობის პირობებში პოლიტიკის კვლევა და სწავლება საბჭოთა პერიოდში ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო მოქცეული და თითქმის მთლიანად იდეოლოგიზირებული იყო.
პოლიტიკური მეცნიერების სწავლების და პოლიტიკის სფეროში სამეცნიერო კვლევების განვითარების შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა.  
პოლიტოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე 1992 წელს შეიქმნა. პოლიტოლოგიის სპეციალობით სტუდენტთა მიღება კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1995 წლიდან დაიწყო. ხუთწლიანი სწავლების სისტემიდან სწავლების ორასაფეხურიან სისტემაზე გადასვლის შემდეგ 1999 წელს პოლიტოლოგიაში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებიც გაჩნდა.
2005 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდეგ პოლიტიკური მეცნიერება ერთ-ერთია ფაკულტეტზე მოქმედი ექვსი მიმართულებიდან, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმირებისა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) აკადემიური სტიპენდიების პროგრამასთან (AFP) პოლიტიკის მიმართულების პროფესორების აქტიური თანამშრომლობის შედეგად პოლიტიკური მეცნიერების სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე, ბოლონიის პორცესის შესაბამისი სახე მიეცა. დღეისათვის პოლიტიკურ მენციერებაში ფუნქციონირებს საბაკალავრო (ძირითადი და მეორადი სპციალობის სახით), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. პროგრამებს გავლილი აქვს საერთაშორისო ექსპერტიზა და მთლიანად თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების ანალოგიურ პროგრამებთან.

ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,391,802
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili