საქართველოს უმაღლესი განათლების ახალ კანონში მითითებულია, რომ “ ბაკალავრიატი – უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების პირველი საფეხური – ისეთი სასწავლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობების თეორიული საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია კურსდამთავრებულის მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის ან ისეთი პროფესიის ასათვისებლად, რომელიც სტუდენტისაგან საშუალო განათლებაზე უფრო მაღალ საწყისს მომზადებას მოითხოვს”1.
2005 წლის 19-20 მაისს ბერგენში გამართულ კონფერენციაზე საქართველო შეუერთდა ბოლონიის პროცესს, რომლის შესაბამისადაც, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა საგანმანათლებლო პროგრამები უნდა გადააწყონ ევროპული საგნამანთლებლო სივრცის კონტექსტის შესატყვისად. ორსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი საფეხური გულისხმობს, რომ აუცილებელია სტუდენტის მიერ 240 ევროპული კრედიტის შესრულება ბაკალავრის ხარისხის მისაღებად.
თსუ მოდერნიზაცია ითვალისწინებს სტუდენტისათვის მეტი მობილობის მინიჭებას, როგორც ფაკულტეტის, ასევე უნივერსიტეტის შიგნით, სტუდენტს უნდა შეეძლოს თავად დაგეგმოს თავისი ხარისხი და მოარგოს ის როგორც შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ასევე საკუთარ შემეცნებით ინტერესს.
შესაბამისად, უკვე გამოცხადებული სასწავლო პროგრამები, რომელზეც 2005-2006 სასწავლო წელს შემოდის ახალი კონტინგენტი, მოითხოვს უნივერსიტეტის მხრიდან გარკვეული პოლიტიკის შემუშავებას ბოლონიის პროცესთან ინტეგრირების თვალსაზრისით.
თსუ აკადემიურ დეპარტმანტში საერთო ევროპული სივრცის გამაერთიანებელ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა რამოდენიმე პრინციპი და ასევე გარდამავალ პერიოდში სამოქმედო გეგმა, რომელიც გულისხმობს სასწავლო პროგრამების სრულად გადაწყობას 2009 წლისათვის და მეტ-ნაკლები სისრულით 2006-2007 სასწავლო წლისათვის.
პირველი პრინციპი ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის ECTS–ის დანერგვაა თსუ-ში. კრედიტით იზომება მხოლოდ სტუდენტის მიერ დახარჯული დრო დისციპლინის შესწავლისათვის და სხვა არაფერი.2
ქვემოთ მოყვანილ სქემაში ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება 2005-2006 სასწავლო წელს მიღებული კონტიგენტისათვის ECTS სრული იმპლემენტაცია და როგორ ტრანსფორმირდება ეტაპობრივად არსებული სასწავლო პროგრამები 2007-2008 სასწავლო წლისათვის.
სქემა N1.
|
სასწ. წელი/კურსი |
2005–2006 |
2006–2007 |
2007–2008 |
2008–2009 |
2009–2010 |
|
IV |
X |
ECTS** |
ECTS* |
ECTS |
|
|
III |
ECTS** |
ECTS* |
ECTS |
ECTS |
|
|
II |
ECTS* |
ECTS |
ECTS |
ECTS |
|
|
I |
ECTS |
ECTS |
ECTS |
ECTS |
|
სქემიდან ჩანს, რომ პროგრამული ცვლილებები სხვადასხვა დოზით არის განსახორციელებლი თითოეულ კურსზე, პირველკურსელთათვის კი ფაქტობრივად ახალი საბაკალავრო პროგრამაა შესაქმენელი.
თსუ აკადემიური დეპარტამენეტის მიერ შემუშავებულ იქნა შემდეგი პოლიტიკა:
· დაწესდეს მაქსიმალური ზღვარი სააუდიტორიო მუშაობისათვის;
· დადგინდეს სემესტრის ხანგრძლივობა;
· დადგინდეს ბაკალავრის მიერ შესასრულებელი კრედიტების რაოდენობა;
· განისაზღვროს კრედიტის ზომა. (იხ ბრძანება N104, 01.07.2005 )
თსუ აკადემიური დეპარტამენტი ამ დოკუმენტით იძლევა საბაკალვრო პროგრამებთან დაკავშირებით ძირითად სქემას. საბაკალვრო პროგრამების ცვლილებისათვის შეთავაზებულია შემდეგი პრინციპები: 3
1. მეოთხე კურსისათვის –
· სასწავლო პროგრამა უცვლელია;
· VIII სემესტრი არის 15 კვირიანი;
· ყველა დისციპლინა ფასდება ნიშნით;
· სააუდიტორი დატვირთვა არის არაუმეტეს 20 საათი;
· გაუქმებულია სახელმწიფო გამოცდები. რეკომენდირებულია საბაკალავრო ნაშრომის შესრულება თუ ეს მიზანშეწონილად მიაჩნია ფაკულტეტს; 4
· საბაკალავრო ნაშრომის შეფასებისათვის უნდა დადგინდეს საერთო კრიტერიუმები, გააზრებული სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამებთან მიმართებაში;
· დიპლომის დანართში საბაკალვრო ნაშრომი შედის როგორც ცალკე პუნქტი და ფასდება, როგორც სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო კომპონენტი.5
2. მესამე კურსისათვის –
· უნდა განისაზღვროს გასულ ორ სასწავლო წელს გავლილი პროგრამის შესაბამისად სტუდენტს ECTS რამდენი კრედიტი აქვს შესრულებული და ამ გათვლით დაიგეგმოს მომავალი სასწავლო პროცესი 240 კრედიტის შესასრულებლად;
· სასწავლო პროგრამა შემდგომი 2 წლისათვის უნდა მოდიფიცირდეს და სასწავლო კურსები გადაყვანილ იქნეს ECTS 60 კრედიტი თითოეული სასწავლო წლისათვის;
· დანარჩენი დებულებები იგივეა, რაც მეოთხე კურსისათვის მითითებულ ჩამონათვალში.
3. მეორე კურსისათვის –
· უნდა განისაზღვროს გასულ ერთ სასწავლო წელს გავლილი პროგრამის შესაბამისად სტუდენტს ECTS რამდენი კრედიტი აქვს შესრულებული და ამ გათვლით დაიგეგმოს მომავალი სასწავლო პროცესი 240 კრედიტის შესასრულებლად;
· სასწავლო პროგრამა შემდგომი 3 წლისათვის უნდა მოდიფიცირდეს და სასწავლო კურსები გადაყვანილ იქნეს ECTS ; 60 კრედიტი თითოეული სასწავლო წლისათვის;
· დანარჩენი დებულებები იგივეა რაც მეოთხე კურსისათვის მითითებულ ჩამონათვალში.
4. პირველი კურსი –
4.1 მთლიანი სასწავლო პროგრამა 240 კრედიტს მოიცავს და თითოეულ სასწავლო წელს სტუდენტმა უნდა შეასრულოს 60 კრედიტი (30 კრედიტი სემესტრში);
4.2 სტუდენტის მიერ შესწავლილი დისციპლინების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 32 (რვა საგანი თითოეულ სასწავლო წელს);
4.3 ყველა საგანი უნდა შეფასდეს და შეფასების სისტემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს 2 კომპონენტს: წერითი ფორმა და დასწრება. საბოლოო ნიშანი უნდა დაიწეროს არა გამოცდაზე პასუხის, არამედ სტუდენტის მიერ მთელ სასწავლო პროცესში გაწეული აქტივობის გათვალისწინებით; 6
4.4 ყველა სასწავლო დისციპლინას უნდა ჰქონდეს თავისი სილაბუსი (სწავლების გეგმა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი საგნის მიზნები და მისი დასრულების შედეგად რას მიიღებს სტუდენტი. მითითებული უნდა იყოს აგრეთვე ძირითადი ლიტერატურა, რომლის საფუძველზეც ისწავლება ეს დისციპლინა და შეფასების სისტემა); 7
4.5 სასწავლო პროგრამა უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ სტუდენტმა თავად დაგეგმოს საკუთარი ხარისხი და შეძლოს შეცვალოს ის სწავლების პროცესში;
4.6 2005-2006 სასწავლო წლის პირველკურსელებისათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ მათი ბაკალავრის ხარისხი უნდა მოიცავდეს სულ ცოტა ერთ ძირითად (major) და ერთ დამატებით (minor) პროგრამას გაერთიანებული ფაკულტეტის ფარგლებში 8 და ასევე არჩევით კურსებს. შესაძლებელი უნდა იყოს ორი ძირითადი სპეციალობის მიღება არჩევითი კურსების შემცირების ხარჯზე;
4.7 რადგანაც წელს უკვე გამოცხადებულია მიღება კონკრეტულ სპეციალობებზე, ფაკულტეტები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ სასწავლო გეგმა ძირითადი (ანუ გამოცხადებული) სპეციალობების მიხედვით;
4.8 სასწავლო გეგმის 240 კრედიტი შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს: ძირითადი სპეციალობისათვის 120-120 კრედიტი9 . დამატებითი სპეციალობისათვის 60 კრედიტი, რომელთაგან 20 კრედიტის ფარგლებში სტუდენტს აბსოლუტური თავისუფალება ეძლევა აიღოს ნებისმიერი კურსი უნვერსიტეტის მასშტაბით. დარჩენილი 40 კრედიტით კი მას შეუძლია შეისწავლოს ნებისმიერი კურსი თავისი ფაკულტეტის ფარგლებში, რომელიც, ერთი მხრივ, მას მიზანშეწონილად მიაჩნია, ან მეორე მხრივ, მოცემული ფაკულტეტისათვის სავალდებულო კურიკულუმს წარმოადგენს.10
4.9 საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებმა ა.წ. 25 ივნისამდე უნდა წარმოადგინონ ზოგადი კონცეფცია საბაკალავრო პროგრამის თაობაზე თავის სპეციალობაში (ძირითადი) და სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალი პირველი კურსისათვის. ძირითადი სპეციალობის დისციპლინების წილი პირველი კურსისათვის უნდა შეადგენდეს შესასრულებლი კრედიტების ნახევარს (30 კრედიტს).
4.10 ფაკულტეტებმა გამოცხადებული სპეციალობებისათვის კონცეფციის შემუშავებისა და პირველი კურსის სასწავლო პროგრამის შედგენისას უნდა გაითვალისწინონ ჩარიცხული კონტინგენტის საბაზო ცოდნა შეთავაზებული დისციპლინების ასათვისებლად11შესაძლებლობების თვალსაზრისით.
4.11 საბაკალავრო პროგრამის კონცეფციის შედგენისას უნდა განისაზღვროს მოცემული ხარისხის არსი, კვალიფიკაციის რაობა, ცოდნა და უნარ-ჩვევები, შესაძლო დასაქმების სფერო .12
4.12 . პირველი კურსის დაგეგმვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს გადაცემული ცოდნის ხარისხი, რაოდენობა და არ მოხდეს მისი დუბლირება შემდეგ კურსებზე.13
4.13 ყველა წარმოდგენილ კურსს მიენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი ფაკულტეტის ნომრის მითითებით, საბაკალავრო სწავლების წლისა და დისციპლინის მიხედვით14.
4.14 2005-2006 სასწავლო წლიდან თსუ-ში ინერგება შეფასების ახალი სისტემა. ნაცვლად ცნებების (ფრიადი, კარგი, დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი) შემოდის ECTS სახელმძღვანელოში მითითებული სისტემა. 15 შეფასების სისტემის დეტალურ აღწერას ქულებრივი გაანგარიშებით ახალი სასწავლო წლისათვის მოგაწოდებთ. 16
5. არჩევითი საგნები – არსებული წესის მიხედვით სტუდენტებს ევალებოდათ საუნივერსიტეტო სავალდებულო კურსების ჩამონათვალიდან შეესრულებინათ 40 კრედიტი. 2005-2006 სასწავლო წლიდან სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ 20 ECTS კრედიტის ფარგლებში ნებისმიერი კურსი, რომელიც შემოთავაზებული იქნება, როგორც საუნივერსიტეტო არჩევითი საგნების ჩამონათვალში, ასევე ფაკულტეტის შიგნით.17
6. სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ სასწავლო პროგრამას 2007-2008 სასწავლო წელს, სავალდებულოდ არ მოეთხოვებათ ბაკალავრიატში ძირითადი+დამატებითი+არჩევითი კურსებით შედგენილი ხარისხი. 2007-2008 სასწავლო წლის ჩათვლით ყველა ბაკალავრი მიიღებს დიპლომს, სულ მცირე, ერთი ძირითადი სპეციალობის მითითებით. 18
7. სტუდენტებს უნდა მიეცათ საშუალება II სემესტრიდან მაინც შეისწავლონ არჩევითი კურსები, სასურველია რომ ფაკულტეტებმა წარმოადგინონ არჩევით დისციპლინათა მათ მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალი და კონტინგენტის ლიმიტი, რომლის მომსახურება მათ შეუძლიათ19.
ბუნებრივია, სასწავლო პროგრამების შედგენა არ გულისხმობს ერთხელ და სამუდამოდ რაიმეს გადაწყვეტას. სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი გამოცდილების საფუძველზე საბაკალვრო პროგრამები დაექვემდებარება შემდგომ დახვეწას და ეს უკვე გაერთიანებული ფაკულტეტების საწავლო პროგრამების კომისიების საქმე იქნება. საუნივერსიტეტო აკადემიური პოლიტიკა ამ ეტაპზე არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების გათვალსიწინებით სტუდენტთა რეგისტრაციისა და მათი აკადემიური ხარისხების რეგულირებისათვის აუცილებელ წინაპირობად აყენებს 2005-2006 სასწავლო წელს მიღებული ყველა სტუდენტისათვის ძირითადი+დამატებითი+არჩევითი მოდელის დანერგვას (შესაძლებელია ორი ძირითადიც).
1. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ( მუხლი 2., ნ ).
2. არსებული გაანგარიშებით მოქმედი ერთი კრედიტი უდრის სტუდენტის მუშაობის 24 საათს , ხოლო ECTS კრედიტის ტოლია 25-30 საათის ( სტუდეტენტი წელიწადში მუშაობს 1500-1800 საათს ). თსუ აკადემიური დეპარტამენტი კრედიტად მიიჩნევს 25 საათს ( ითვალისწინებს რა უკვე არსებული კრედიტის რაოდენობას და იმასაც , რომ 2005-2006 სასწავლო წლიდან II და III კურსის პროგრამების ტრანსფორმირება იმდაგვარად უნდა მოხდეს , რომ შესაძლებელი იქნეს ახალი ტიპის დიპლომის დანართის გაცემა უკვე 2006-2007 სასწავლო წლიდან )
3. ყველა ცვლილება უნდა განხორციელდეს 2005-2006 სასწავლო წლიდან , ანუ 2005 წლის 19 სექტემბრიდან .
4. ეს მოსაზრება ყველა ფაკულტეტზე დიდი მოწონებით იქნა მიღებული , გარდა ფიზიკის ფაკულტეტისა . ისინი თვლიან , რომ შეინარჩუნებენ სახელმწიფო გამოცდების მსგავს შემაჯამებელ გამოცდას . აკადემიურ დეპარტამენტს მიაჩნია , რომ დასაშვებია შემაჯამებელი , ან საკვალიფიკაციო გამოცდის შენარჩუნება მხოლოდ იმ დისციპლინაში , რომელიც სხვადსხვა საგნების კომპილაციაა , ან ისეთი საგანია , რომელშიც სტუდენტს არა აქვს მიღებული შეფასება . თუ ფიზიკის ფაკულტეტი აირჩევს ასეთი ტიპის გამოცდას , მაშინ მათ მოუწევთ ახალი სასწავლო წლიდან სრულად გადააწყონ III კურსის პროგრამები ამგვარი შემაჯამებელი გამოცდის უზრუნველყოფისათვის 2006-2007 საწავლო წლისათვის სასწავლო პროგრამის კონტექსტში .
5. თითქმის ყველა უნივერსიტეტი საბაკალავრო ხარისხის აუცილებელ კომპონენტად მოითხოვს ე.წ. Course work (ჩვენ შემთხვევაში გაიგივებულია საკურსოსთან), რომელიც სრულდება სწავლების ბოლო წელს, წარმოადგენს ერთგვარ შემაჯამებელ სამუშაოს, რითაც მოწმდება სტუდენტის არგუმენტაციის, ანალიზისა და სინთეზის უნარები და ასევე პრობლემების ხედვის თუ შეფასების შესაძლებლობები.
6. მაგალითისათვის : საბოლოო შეფასება შეიძლება წარმოადგენდეს ჯამს , სადაც ასეა განაწილებული სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს წილი - 40% წერითი ნამუშევარი , 40% ზეპირი , 20% დასწრება . ნებისმიერი გადანაწილება არის შესაძლებელი ერთი პირობის დაცვით : ზეპირი გამოცდა არ უნდა იყოს საერთო შეფასების 50%- ზე მეტი ( თუ არ ჩავთვლით ისეთ სპეციფიკურ დისპილინას , როგორიცაა სამსახიობო ხელოვნება )
7. დეტალური სილაბუსის წარმოდგენა აუცილებელია 29 აგვისტოსათვის
8. განსაკუთრებულ შემთხვევებში , თუ სტუდენტი ასაბუთებს აკადემიურ თავსებადობას ძირითად და დამატებით პროგრამებს შორის , მას შეუძლია აიღიოს დამატებითი პროგრამა სხვა ფაკულტეტიდანაც . ასეთ შემთხვევაში , სწავლის ფულის ნაწილი მიყვება სტუდენტს ფაკულტეტის გარეთ , მეორე ფაკულტეტზე . სპეციალური ინსტრუქცია ამ საკითხთან მიმართებაში იქნება დამუშავებული 2005-2006 სასწავლო წლის განმავლობაში .
9. მაქსიმუმ 150 კრედიტი ენების შემსწავლელი პროგრამებისათვის.
10. იმის გამო , რომ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება საერთო საუნივერსიტეტო სავალდებულო კურიკულუმის შესახებ და მოხდა ფაკულტეტების გამსხვილება , სრულიად ნათელია , რომ ფაკულტეტების შიგნით აუცილებლად დადგება სტუდენტებისათვის საერთო სავალდებულო კურიკულუმის შედგენის საკითხი . ამის მაგალითად უცხო ენაც გამოდგება , ან მათემატიკა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისათვის , ან ზოგიერთი ბაზისური კურსი სოციალურ მეცნიერებებში , ფილოსოფია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და ა . შ . გაერთიანებული ფაკულტეტის გადასაწყვეტია თუ რა ტიპის ძირითად კურიკულუმს შესთავაზებს ის თავის სტუდენტებს და ეს საკითხი ფაკულტეტზე შექმნილმა სასწავლო პროგრამების კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს .
11. ასე მაგალითად , გამოცხადებულ სპეციალობებზე მისაღები გამოცდების საგანთა ჩამონათვალში არ ფიგურირებს მათემტიკა ისეთი სპეციალობისათვის , როგორიცაა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები , ქიმიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტები . ძნელი წარმოსადგენია , რომ ამ სპეციალობების დაუფლება შეიძლებოდეს მათემატიკის ელემენტარული საფუძველების ცოდნის გარეშე . სავარაუდოა , რომ ამ სპეციალობებს სავალდებულო საგნად დასჭირდეთ მათემტიკის კურსის შეტანა საკუთარ კურიკულუმში . განსხვავებული სიტუაციია უცხო ენების სპეციალობებზე დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის და აღმოსავლეთმცოდნებობის ფაკულტეტებზე : პირველი იღებს გარკვეული ცოდნის მქონე სტუდენტებს , მეორე კი ფაქტობრივად ნულიდან იწყებს სწავლებას . შესაბამისად , სრულიად წარმოუდგენელია , რომ ამ ორი ფაკულტეტის სპეციალობების სასწავლო პროგრამა მსგავსი იყოს მიუხედავად იმისა , რომ ისინი ერთ ბლოკში მოიაზრებიან .
13 შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე დასახელების კურსი იკითხებოდეს როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში და დოქტურანტურაშიაც (მაგ: სტატისტიკა), მაგრამ კურსის სიღრმე უნდა შეესატყვისებოდეს მოცემულ საფეხურს და განსაზღვროს საუნივერსიტეტო კოეფიციენტით.
14 ასე მაგალითად, ზოგადი და ექსპერიმენტული ფსიქოლოგია იქნება 08.101 რაც ნიშნავს, რომ ეს არის ამ დისციპლინის ბაზისური კურსი, თუ გამეორდება თუ გამეორდება იგივე კურსი (რაც აუცილებლად მოხდება სწავლების მესამე წელს მათთვის, ვინც ზოგადი ფსიქოლოგიის მოდულს აირჩევს), მაშინ მას მიენიჭება კოდი 08.301 და, ბუნებრივია, ამ კურსის გავლის წინაპირობა იქნება 08.101 ან მასთან გათანაბრებული კურსი.
15. http://www.tsu.edu.ge კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) სახელმძღვანელო .
16. შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ქულობრივი შეფასებებისა და კატეგორიების მინიჭება . აქ მოყვანილია მაგალითად მანჩესტერის უნივერსიტეტში დანერგილი სისტემა . 70% and more -excellent; 60%-69% - good; 50%-59%-satisfactory; 40%-49%-not satisfactory, wit the possibility to resubmit; 39% and less - fail, without resubmission. უნივერსიტეტში არსებობდა შეფასების სისტემა , რომელიც ასევე შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს . გასაწერია რაში უნდა დაიწეროს A,B, C . ამგვარი ტიპის დიპლომას უკვე არსებობს სტუ ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. ეს თემა დამუშავებას მოითხოვს.
17 სტუდენტს, რომელსაც უკვე შესრულებული აქვს არჩევითი საგნების 20 ECTS კრედიტიანი ლიმიტი, დამატებით არ მოეთხოვება მისი შევსება აქამდე სავალდებულოდ მიჩნეულ 40 კრედიტამდე, რადგან უნივერსიტეტი ამ ეტაპზე ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს სტუდენტთა სრულ მობილობას ფაკულტეტებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით. 2005-2006 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის ფაკულტეტები შესთავაზებენ სტუდენტებს არჩევითი კურსების ჩამონათვალს. საუნივერსიტეტო არჩევითი კურსების მოცულობა არ შეიძლება იყოს 5 კრედიტზე ნაკლები.
18 თუ ცალკეული ფაკულტეტი შესძლებს საკუთარი პროგრამის იმგვარად გადაწყობას, რომ 2005-2006 სასწავლო წლის მეორეკურსელებს შესთავაზოს ახალი სტრუქტურა, მაშინ ამ სტუდენტებს შეიძლება მიეცეთ ახალი ტიპის დიპლომის დანართი. თსუ გეგმავს გარდაქმნილი და სრულყოფილი სახით ახალი ტიპის სასწავლო პროგრამით პირველი ნაკადის გამოშვება შესძლოს 2009 წელს.
19 მაგალითად, 2004-2005 სასწავლო წელს ფსიქოლოგია აირჩია 1200 სტუდენტმა. დისციპლინის წამყვანი კათედრა იძულებული გახდა საათობრივ ანაზღაურებაზე მოეწვია დამატებით 6 მასწავლებელი.











