თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი მართვის ორგანოები ხარისხის უზრუნველყოფა არქივი თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამოქმედო გეგმა

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სამოქმედო გეგმა

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე და 31-ე მუხლები არეგულირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციას.

კერძოდ, აღნიშნული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე დაწესებულების სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”.

ხოლო ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად, “უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად”.

ამდენად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზნები თავად საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული, ხოლო ამ მიზნების განხორციელება, ჩემი აზრით, ქვემოთ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის საფუძველზე უნდა მოხდეს.

სტრუქტურის ფორმირება

I. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ფაკულტეტების სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესში, რომ თითოეულ მათგანს გააჩნდეს ისეთი მოქნილი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს ფაკულტეტის ყველა მიმართულების მოთხოვნილებებს (თანხების დაზოგვის მიზნით შესაძლებელია მსგავსი პროფილის მქონე მიმართულებებს ერთი და იგივე პირი კურირებდეს). მომავალში, კერძოდ, 2010 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც თსუ გაივლის პროგრამულ აკრედიტაციას, ხოლო საქართველო ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდება, შესაძლებელია ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების რედუცირება.

მონაწილეობა თსუ-ს წესდების შემუშავებაში

II. თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თსუ-ს წესდების შემუშავებაში, კერძოდ, იმ საკითხების დარეგულირებაში, რომლებიც შეეხება საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების თანამშრომლობას, ვინაიდან უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურებს შორის თანამშრომლობა წესრიგდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით”.

ჩემი აზრით, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სხვადასხვა სახის კონსულტაციისა და საგანგებო მომზადების შედეგად უნდა შეიმუშავოს ცალკეული მითითებები, რეკომენდაციები, ინსტრუქციები, ხოლო ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრებმა ისინი პრაქტიკულად უნდა განახორციელონ. საუნივერსიტეტო სამსახურს უნდა დაევალოს მათი მუშაობის კოორდინირება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სადაო საკითხების გადაწყვეტა.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებული უნდა იყოს რექტორის და, შესაბამისად, აკადემიური საბჭოს წინაშე. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული ცალკეული მითითებები, რეკომენდაციები და ინსტრუქციები უნდა განიხილოს და დაამტკიცოს აკადემიურმა საბჭომ, რაც შესაბამისი დადგენილებით უნდა გაფორმდეს.

თანამშრომლობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე

III. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის თანახმად, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად”.

უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა მჭიდრო კონტაქტები უნდა დაამყაროს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოთა ქსელი (CEE Network), აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმი (ECA), უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის სკანდინავიური ქსელი (NOQA), UNESCO Global Forum Task Force და OECD / UNESCO Working Group, უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სააგენტოები (კერძოდ, ავსტრიის, ბელგიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ჰოლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის) და სხვ.

“ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა შესადარებელი კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების კუთხით” ბოლონიის დეკლარაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ეროვნული სააგენტოს შექმნასა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA) გაერთიანებაზე, რაც თავად ჩვენი სამსახურის მუშაობის ხარისხს აამაღლებს.

გარდა ამისა, მუშაობის პროცესში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი რესურსები, მჭიდრო კონტაქტები უნდა დავამყაროთ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოსა და წარმომადგენლობასთან, ბრიტანეთის საბჭოსთან, გოეთეს ინსტიტუტთან, დიუმას ცენტრთან და სხვ., რომლებიც საერთაშორისო კონტაქტების დამყარებასა და უცხოელი ექსპერტების მოწვევაში, საერთაშორისო შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებაში დაგვეხმარებიან, რაც სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობაა და რაც, თავის მხრივ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის.

მჭიდრო თანამშრომლობა გვმართებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან, რომლებთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა მოვემზადოთ და წარმატებით გავიაროთ პროგრამული აკრედიტაცია, ხოლო 2010 წელს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი უნდა გავხდეთ.

რეკომენდაციათა თეორიული საფუძვლები

IV. მუშაობის პროცესში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა ეყრდნობოდეს საქართველოს კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის წესდებას, თსუ მისიას და სტრატეგიული განვითარების გეგმას, ევროპული საგანმანათლებლო სივრცისათვის ისეთ საკვანძო დოკუმენტებს, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (ბოლონია, 1988 წლის 18 სექტემბერი), ლისაბონის კონვენცია (1997 წ.), სორბონის დეკლარაცია (1998 წლის 25 მაისი), ბოლონიის დეკლარაცია (1999 წლის 19 ივნისი), სტუდენტების გიოტებორგის დეკლარაცია (2001 წლის 25 მარტი), სალამანკის მიმართვა (2001 წლის 29-30 მარტი), პრაღის კომუნიკე (2001 წლის 19 მაისი), გრაცის დეკლარაცია (2003 წლის 30 მაისი), ბერლინის კომუნიკე (2003 წლის 19 სექტემბერი), ბერგენის კომუნიკე (2005 წლის 19-20 მაისი) და სხვ.

გარდა ამისა, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა ითვალისწინებდეს ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული და საერთაშორისო სააგენტოების, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციათა და ექსპერტთა, თსუ მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალის შენიშვნებს, მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა განიხილოს და დაამტკიცოს თსუ აკადემიურმა საბჭომ და ეს დოკუმენტები (ინსტრუქციები, რეკომენდაციები და სხვ.) მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამოქმედდეს.

აქამდე გაწეული მუშაობის მოკლე შეფასება

V. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-6-ე პუნქტის თანახმად, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა. შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას”.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა და მისმა ყოფილმა უფროსმა, ქ-მა ლიკა ღლონტმა ამ სამსახურის არსებობის მანძილზე (წლინახევრის განმავლობაში) მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა იმისათვის, რომ თსუ-ში სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდები დანერგილიყო და ჩვენ ინსტიტუციური აკრედიტაცია გაგვევლო. კერძოდ, დაინერგა საკრედიტო სისტემა (ECTS), შეიქმნა კრედიტების გამოყვანის სხვადასხვა მეთოდი და სქემა, შემუშავდა სილაბუსის შედგენისა და მისი შეფასების სპეციალური ფორმები, შემოღებულ იქნა სტუდენტთა შეფასების ახალი, 100 ქულიანი სისტემა, ამუშავდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ გვერდი და სხვ. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომზადდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შედგენის ინსტრუქციები და ეს უკანასკნელი პრაქტიკაშიც დაინერგა. სისტემატურად ტარდებოდა შეხვედრები აკადემიურ პერსონალთან, რომლებზეც განიმარტებოდა ზემოთ აღნიშნული სიახლეები. რამდენჯერმე მოხდა სტუდენტთა გამოკითხვა, რომლის შედეგები და დეტალური ანალიზი გამოქვეყნდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ გვერდზე.

მიზნები და კონკრეტული ნაბიჯები

VI. სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დასანერგად და და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მოსამზადებლად თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დაწყებული საქმიანობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.

როგორც აკადემიურ პერსონალთან, ისე სტუდენტებთან უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები საკრედიტო სისტემასთან (ECTS) დაკავშირებით, რაც სტუდენტთა მობილობის ხელშემწყობი ერთ-ერთი საშუალება და ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

უნდა გაგრძელდეს თსუ აკადემიური პერსონალის მიერ მომზადებული სილაბუსების ანალიზი და შეფასება; მუდმივად უნდა ხდებოდეს მათი განახლება, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, უახლესი ლიტერატურის მოძიება და გამოყენება სწავლების პროცესში.

უნდა გაგრძელდეს უწყისების მონიტორინგი და სტუდენტთა ქულობრივი შეფასებების სტატისტიკური ანალიზი, ხოლო მის საფუძველზე გარკვეული რეკომენდაციები უნდა შემუშავდეს და გათვალისწინებულ იქნას.

დიპლომის დანართის დანერგვა ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მოთხოვნაა. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა იტვირთოს ახალი ტიპის დიპლომის დანართების მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში აკადემიურ პერსონალს უნდა გაუწიოს კონსულტაცია და მისცეს სათანადო რეკომენდაციები.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ფარგლებს შიგნით ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მემორანდუმების გაფორმებას, რომელთა საფუძველზეც მოხდება ერთმანეთის კრედიტების აღიარება.

ბოლონიის პროცესის ფარგლებში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტთა მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. უნდა შეიმუშავოს ის მექანიზმი და წესები, რომლებითაც მოხდება თსუ-ს სტუდენტების მიერ საზღვარგარეთ აღებული კრედიტების აღიარება. გარდა ამისა, უნდა შეიმუშავოს ის პრინციპები, რომელთა საფუძველზეც მოხდება სტუდენტთა მიერ წლების წინ მოსმენილი სასწავლო კურსებისათვის კრედიტების მინიჭება.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად უნდა სწავლობდეს თსუ-ს მატერიალურ ტექნიკურ-ბაზას (კომპიუტერების, დანადგარების, უახლესი ტექნოლოგიური საშუალებების მდგომარეობას, ბიბლიოთეკის წიგნად ფონდს და ა. შ.), ხოლო ანალიზის საფუძველზე უნდა წარმოადგინოს რეკომენდაციები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

თვეში ერთხელ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნდა მართავდეს სადისკუსიო ფორუმს, რომელზეც პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული ექსპერტები ერთად იმსჯელებენ სწავლისა და სწავლების პროცესში არსებული პრობლემების შესახებ და ერთად გამონახავენ მათი გადაჭრის გზებს.

ყოველი სემესტრის ბოლოს სოციოლოგების მიერ შემუშავებული კითხვარის საფუძველზე უნდა მოხდეს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალის გამოკითხვა, ხოლო შედეგების ანალიზის საფუძველზე უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას, საერთაშორისო დონის სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და ბოლოს პროგრამულ აკრედიტაციას.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ძალისხმევით უნდა შემუშავდეს თვითშეფასების პროცესის ინდიკატორები, რომლებიც განიხილება და დამტკიცდება თსუ აკადემიური საბჭოს მიერ, ხოლო შემდგომ პრაქტიკულად იქნება გამოყენებული.

თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოამზადოს და განახორციელოს თსუ-ს აკადემიური პერსონალის თვითშეფასება, რაც აკრედიტაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სამ თვეში ერთხელ უნდა აქვეყნებდეს თავისი მუშაობის დეტალურ გეგმას, ხოლო სამი თვის შემდეგ საზოგადოებას უნდა გააცნოს სამი თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შედეგები. ეს იქნება თვითკონტროლის საუკეთესო მექანიზმი და, ამგვარად, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს მოდუნების საშუალება არ მიეცემა.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები

VII. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უნდა მოახდინოს სამივე საფეხურის სასწავლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), კურიკულუმის სისტემატური მონიტორინგი (ეს განსაკუთრებით აქტუალურია პროგრამული აკრედიტაციის მოსამზადებელ პერიოდში) როგორც საკუთარი ძალებით, ისე მოწვეული ექსპერტების დახმარებით. სასურველია ამ პროცესში ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებისა და უცხოელი ექსპერტების ჩართვა.
სასწავლო პროგრამების მომზადებისა და შეფასების პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას: ტრანსნაციონალური ევროპული შეფასების პროექტის (Transnational European Evaluation Project I, II) მასალები, რომლებიც წყლის რესურსების მენეჯმენტს, კულტურისა და კომუნიკაციურ კვლევებს, სამართალს, ეკონომიკას, ისტორიას, ფიზიკას და ვეტერინარიას ეხება; ევროპაში საგანმანათლებლო სტრუქტურების რეგულაციების პროექტის საბოლოო შედეგები (Tuning Educational Structures in Europe, Universities Contribution to the Bologna Process), რომლებიც შემდეგ სფეროებს არეგულირებენ: ბიზნესის ადმინისტრირება, ქიმია, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოლოგია), განათლების მეცნიერებები, ევროპის კვლევები, ისტორია, მათემატიკა, საექთნო საქმე, ფიზიკა; მუშაობის პროცესში თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამ და სხვა ანალო....სხვადასხვა მიმართულების სტუდენტებთან.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სისტემატურად უნდა ამზადებდეს საინფორმაციო მასალას (ბროშურებს, ბუკლეტებს, საინფორმაციო ბიულეტენებს, პლაკატებს და სხვ.) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის, ამ მასალის გამოცემა კი თსუ გამომცემლობამ უნდა იტვირთოს.

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ვებ გვერდმა ძველი ფორმითა და მისამართით უნდა განაგრძოს არსებობა (www.tsu.ge/qa), მაგრამ იგი სისტემატურად უნდა განახლდეს, შეივსოს ახალი ინფორმაციით. ვებ გვერდზე უნდა განთავსდეს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები, არსებული ვითარების ანალიზი და რეკომენდაციები პრობლემათა გადასაჭრელად.

პროგრამული აკრედიტაცია

X. თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან პროგრამული აკრედიტაციის კრიტერიუმების შემუშავების პროცესში, ხოლო შემდეგ უნდა მოამზადოს თსუ-ს აკადემიური პერსონალი პროგრამული აკრედიტაციისათვის. კერძოდ, უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს აკადემიური საბჭო და რომლის საფუძველზეც თსუ მოემზადება და წარმატებით გაივლის პროგრამულ აკრედიტაციას, ხოლო 2010 წელს გახდება ევროპის ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის სრულუფლებიანი წევრი, რაც თითოეული ჩვენგანის ძირითადი ამოცანა და მიზანია.

2010 წელს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეწყვეტს ამ ფორმით არსებობას და მოახდენს სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეორგანიზაციას, დროის მოთხოვნების შესაბამისად უკვე განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტას დაისახავს მიზნად.

ასოც. პროფ. ირინე დარჩია

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,397,424
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili