თსუ-ს შესახებ სწავლა კვლევა ფაკულტეტები საგარეო ურთიერთობები გამომცემლობა მუზეუმი ბიბლიოთეკა
საწყისი გვერდი მართვის ორგანოები ხარისხის უზრუნველყოფა არქივი რა ინფორმაციას გვაწვდის სტუდენტთა შეფასების ანალიზი?

რა ინფორმაციას გვაწვდის სტუდენტთა შეფასების ანალიზი?

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

ლიკა ღლონტი

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა დაასრულა II სემესტრში სტუდენტთა აკადემიური მოსწრების ანალიზი: აღირიცხა და შეჯერდა თითოეულ ფაკულტეტზე ბაკალავრიატის ოთხივე და მაგისტრატურის პირველი კურსის (მაგისტრატურის მეორე კურსის მეორე სემესტრში სტუდენტები სამაგისტრო ნაშრომს ასრულებენ) ყველა საგნის შეფასებები (იხ. ცხრილი www.tsu.ge/qa/doc/II%20semester.xls). ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ასევე გაანალიზა I სემესტრში სტუდენტთა მოსწრების შედეგები, მაგრამ მონაცემების არასრულყოფილების გამო (რამდენიმე ფაკულტეტმა საერთოდ, და ზოგი ფაკულტეტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებამ არ წარმოადგინა შეფასების შედეგები სხვადასხვა მიზეზების გამო) არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად ანალიზის გამოქვეყნება, თუმცა იგი შიდა დისკუსიის საგანი გახდა.

როგორც მოგეხსენებათ, 2005–2006 სასწავლო წლიდან თსუ გადავიდა სტუდენტთა შეფასების ახალ, მრავალკომპონენტიან, 100 ქულიან სისტემაზე (დეტალები იხ. www.tsu.ge/qa/instruction.htm). შედგება რა 7 სხვადასხვა საფეხურისაგან, შეფასების ახალი სისტემა სტუდენტთა მოსწრების უფრო ობიექტური დახასათების საშუალებას იძლევა; გარდა ამისა, სტუდენტი იძულებული ხდება, მთელი სემესტრის განმავლობაში იმეცადინოს. ახალი სისტემა მეტ ძალისხმევას მოითხოვს ლექტორებისგანაც, რომლებსაც მთელი სემესტრის განმავლობაში უწევთ რეგულარული შეფასებების ჩატარება.

წინამდებარე ანალიზის მიზანი იყო გაგვერკვია, როგორი აკადემიური მოსწრება აქვთ სტუდენტებს ახალი შეფასების მიხედვით. მონაცემები საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, რამდენად რთული ან მარტივია საგანმანათლებლო პროგრამები, შეფასების რამდენად ადეკვატური ფორმებია გამოყენებული ლექტორების მიერ, და რამდენად მაღალია სტუდენტთა მომზადების დონე.

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამგვარი ანალიზი რეგულარულად უნდა ჩატარდეს თითოეული ფაკულტეტის მიერ ყოველი სემესტრის დასრულებისას, რადგანაც ის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის სასწავლო პროგრამების, პროფესორ–მასწავლებელთა მუშაობისა და სტუდენტთა სწავლის შესახებ.

კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაში (ECTS) შემუშავებულია სტუდენტთა რანჟირების სკალა (დეტალები იხ. www.tsu.ge/qa/doc/ECTS-guide.pdf ), რომელიც პრინციპში ემთხვევა გაუსის ნორმალურ განაწილებას: საუკეთესო სტუდენტების (ყველაზე მაღალქულიანი) რაოდენობა საერთო რაოდენოების 10%–ს არ უნდა აღემატებოდეს, შემდეგ კი საფეხურებად 25%–30%–25%–10% (იხ. ნახაზი 1). რანჟირების სკალის მიხედვით, სტუდენტთა ძირითად მასას საშუალო მოსწრება უნდა ქონდეს, ძალიან მაღალი და დაბალი ნიშნები კი – სტუდენტთა შესაბამისად 10–10%–ს.

ცხადია, სტუდენტთა რეალური გადანაწილება მოსწრების მიხედვით ყოველთვის ვერ დაემთხვევა რანჟირების მოცემულ სკალას. სწავლების სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) არსებულ განსხვავებებს, სხვადასხვა საგნების სპეციფიკას გარკვეული კორექტივები შეაქვს განაწილების ამ მოდელში. მაგრამ მიუხედავად ამისა, რანჟირების სკალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ორიენტირი, რომელსაც უნდა შევადაროთ რეალური მონაცემები საგნის, პროფესორისა და სტუდენტების შეფასების მიზნით.

ნახ.1. ECTS რანჟირების სკალა

ასე მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ საგანში სტუდენტთა ძირითადი მასა იღებს 91–ზე მეტ ქულას, მაშინ რამდენიმე ტიპის დასკვნის გაკეთება შეიძლება:

  1. სტუდენტები „გენიოსები“ არიან
  2. პროგრამა ძალიან მარტივია
  3. ლექტორი ძალიან ლიბერალურია სტუდენტთა შეფასებისას ან შეფასების არაადეკვატურ ფორმებს იყენებს

II სემესტრში თსუ სტუდენტთა შეფასების სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა ძალიან საინტერესო ტენდენციები გამოკვეთა. თითქმის არც ერთ ფაკულტეტზე ნორმალურთან მიახლოებული განაწილება კი არ მიგვიღია (იხ. ქვემოთ). ნათელი გახდა, რომ ჩასატარებელია სერიოზული სამუშაო, კერძოდ, დეტალურად უნდა შემოწმდეს საგანმანათლებლო პროგრამების სირთულის ხარისხი, უნდა ჩატარდეს შეფასების ფორმატის ანალიზი და რაც მთავარია, რეგულარულად უნდა ტარდებოდეს კონსულტაციები პროფესორ–მასწავლებლებთან.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ შეიძლება შეფასების შედეგების გამოყენება სასწავლო პროცესის ავ–კარგიანობის დასადგენად, გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს სხვადასხვა ფაკულტეტებიდან (მონაცემების დეტალური ანალიზი ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოვალეობაა. ნიმუშად გთავაზობთ მედიცინის ფაკულტეტის ანგარიშს ).

  • მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობა სამკურნალო საქმე, III კურსი (ნახ.2).

მოცემულია სტუდენტთა შეფასება ორ საგანში: ზოგადი ქირურგია და ქცევათმეცნიერება: ცისფერი ფერითაა აღნიშნული ნორმალური განაწილება (ECTS რანჟირების სკალა), ძოწისფერით – ზოგადი ქირურგიის, ხოლო ყვითელი ფერით – ქცევათმეცნიერებაში მიღებული ნიშნები. 105 სტუდენტიდან ზოგად ქირურგიაში უმაღლესი შეფასება (91 ქულა და მეტი) დაიმსახურა 84–მა, ანუ 80%, მაშინ როდესაც იგივე სტუდენტების მხოლოდ 21%–მა მოახერხა ქცევათმეცნიერებაში უმაღლესი ქულების მიღება.

ძნელი წარმოსადგენია, რომ ქცევათმეცნიერება ზოგად ქირურგიაზე ბევრად უფრო რთული დისციპლინა იყოს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან ქირურგიის პროფესორის ზედმეტ ლიბერალურობასთან, ან იგი არასწორედ იყენებს შეფასების მეთოდებს. ამავე დროს უნდა გადამოწმდეს ქცევათმეცნიერების ლექტორის მიერ გამოყენებული შეფასების ფორმატი. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა შემოწმდეს ორივე საგნის სილაბუსები: ნებისმიერ შემთხვევაში ეს კონკრეტული ფაქტი მედიცინის ფაკულტეტეზე აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

ნახ. 2. ზოგადი ქირურგია/ქცევათმეცნიერება

აბსცისაზე მოცემულია შეფასების ქულობრივი მაჩვენებლები, ხოლო ორდინატაზე – სტუდენტთა პროცენტული რაოდენობა თითოეული შეფასების მიხედვით. ქცევათმეცნიერებაში სტუდენტთა 14% ვერ მიიღო დადებითი შეფასება და შესაბამისად, ვერც კრედიტი დაიმსახურა.

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის ინსტიტუტი, სპეციალობა ბიოლოგია, ბაკალავრიატი, I კურსი (ნახ.3).

ნახ. 3. ციტოლოგია/ზოოლოგია/ორგანული ქიმია

აბსცისაზე მოცემულია შეფასების ქულობრივი მაჩვენებლები, ხოლო ორდინატაზე – სტუდენტთა პროცენტული რაოდენობა თითოეული შეფასების მიხედვით.

ნახაზზე მოცემულია ბიოლოგიის სპეციალობის პირველკურსელთა შეფასება სამ მაპროფილებელ საგანში: ციტოლოგია, უხერხემლოთა ზოოლოგია და ორგანული ქიმია: ცისფერი ფერითაა აღნიშნული ნორმალური განაწილება (ECTS რანჟირების სკალა), ძოწისფერით – ციტოლოგიის, ყვითელი ფერით – ზოოლოგიის, ხოლო ფირუზისფერით – ქიმიის შეფასებები. პირველი მაგალითისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში101 სტუდენტის აკადემიური მოსწრება დაახლოებით ერთნაირია, ზუსტად რომ ვთქვათ, ერთნაირად ცუდია. მართალია, ყველა სტუდენტმა მიიღო დადებითი შეფასება და დაიმსახურა სემესტრული კრედიტების რაოდენობა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სტუდენტთა 60%–ზე მეტმა მიიღო 51–დან 60–მდე ქულები, ძალიან დამაფიქრებელი უნდა გახდეს ბიოლოგიის ინსტიტუტისათვის. რადგანაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამივე ლექტორის მიერ მოწოდებული შეფასება ძირითადად ერთნაირია, შეიძლება გამოვრიცხოთ არათანაბარი მიდგომები და გამოვიტანოთ დასკვნა სტუდენტთა შედარებით დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ. ამ მონაცემების საფუძველზე ბიოლოგებმა უნდა გაააქტიურონ მუშაობა სტუდენტებთან, თუ საჭირო გახდა, ინდივიდუალური კონსულტაციების გზითაც, მათი მოსწრების ამაღლების მიზნით. ამავდროულად უნდა გადაიხედოს პროგრამები: წელს მისაღები გამოცდებისას არ მოწმდებოდა სტუდენტების ცოდნა საბუნებისმეტყველო პროფილის საგნებში. მიღებულმა ნიშნებმა ცხადყო, რომ პირველკურსელებს უჭირთ საუნივერსიტეტო პროგრამის ათვისება ბიოლოგიასა და ქიმიაში. შესაბამისად სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობის პარალელურად უნდა მოხდეს პროგრამების ადაპტირება.

  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიის ინსტიტუტი, მაგისტრატურა, I კურსი (ნახ.4).

აბსოლუტურად განსხვავებულია სურათი მაგისტრანტების მოსწრების მხრივ. ბიოლოგიის მიმართულებით ფუნქციონირებს 9 სამაგისტრო პროგრამა. აქედან მხოლოდ სამ პროგრამაში სტუდენტთა ნაწილმა (25%–მა) მიიღო შეფასება 81–დან 90 ქულამდე, ყველა დანარჩენ პროგრამაში სტუდენტები მხოლოდ უმაღლესი ქულებით შეფასდნენ.

ნახ. 4. სამაგისტრო პროგრამები

აბსცისაზე მოცემულია შეფასების ქულობრივი მაჩვენებლები, ხოლო ორდინატაზე – სტუდენტთა პროცენტული რაოდენობა თითოეული შეფასების მიხედვით.

ტრადიციულად ცისფერი ფერითაა აღნიშნული ნორმალური განაწილება, ძოწისფერით – 6 სამაგისტრო პროგრამის ყველა სტუდენტის უმაღლესი შედეგი, ხოლო ყვითელი ფერით – სამი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ნიშნების გადანაწილება: 75% მიიღო უმაღლესი შეფასება, ხოლო 25%–მა შეფასება „ძალიან კარგი“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაგისტრანტების ასეთი მაღალი აკადემიური მოსწრება ფიქსირდება ყველა ფაკულტეტზე. ამ ფაქტის ასახსნელი რამდენიმე მიზეზი უნდა არსებობდეს:

1) მაგისტრატურაში 2005–2006 სასწავლო წელს პირველად თსუ ისტორიაში სტუდენტები მისაღები გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩაირიცხნენ, ანუ მოხდა საუკეთესო სტუდენტების სელექცია;

2) მაგისტრატურაში სტუდენტთა სწავლის მოტივაცია განსხვავდება ბაკალავრიატი–საგან: ასაკით უფრო მოწიფული სტუდენტები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სწავლას;

3) ტრადიციულად მაგისტრატურაში ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა მცირეა, რაც სტუდენტებტან მუშაობის უკეთეს პირობებს ქმნის.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, თუ რამდენად ეფექტური „დიაგნოსტიკური“ საშუალებაა სტუდენტთა სემესტრული შეფასებების ანალიზი. ჩვენ ვიღებთ მრავალმხრივ ინფორმაციას პროგრამების, ლექტორებისა და სტუდენტების შესახებ.

მონაცემების დამუშავებისას ძალიან მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა: შეიძლება გაანალიზდეს სტუდენტთა მოსწრება ერთი საგნის ფარგლებში, მაგრამ საერთო სურათისათვის აუცილებელია ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტების ერთი და იგივე ჯგუფის მიერ სხვადასხვა დისციპლინებში მიღებული შეფასებების შედარებითი ანალიზი, რათა მომავალში უფრო ეფექტურად დაიგეგმოს სასწავლო პროცესი.

ასე მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ სემესტრის განმავლობაში სტუდენტების უმრავლესობა ყველა საგანში იღებს მხოლოდ უმაღლეს შეფასებას, ეს ნიშნავს, რომ მათი პროგრამა გაუმართლებლად მარტივია და საჭიროა მისი გართულება, ან საგნების გადანაწილება სემესტრში მათი სირთულის მიხედვით, რათა დაბალანსდეს სტუდენტთა მიერ ასათვისებელი მასალა. პირიქით, თუ სტუდენტთა შეფასება ყველა საგანში დაბალია (როგორც ეს ბიოლოგიის მიმართულების პირველკურსელთა მაგალითმა აჩვენა), მაშინ საჭიროა პროგრამების შესაბამისი ადაპტირება. სხვადასხვა საგნების სემესტრული შეფასებების ანალიზისას ყურადღება უნდა მივაქციოთ საგნების დაჯგუფებას მათი პროფილის მიხედვით. უკვე მოხსენიებულ ბიოლოგების მაგალითში ჩვენ შეგნებულად არ წარმოვადგინეთ სტუდენტების მოსწრება უცხო ენაში, რომელიც სრულიად განსხვავებული ხასიათის საგანია და ციტოლოგიას, ზოოლოგიასა და ორგანულ ქიმიასთან ერთად მისი განხილვა ნამდვილად არ იქნებოდა მიზანშეწონილი. საგნების დაჯგუფებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტთა შიდა საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო მობილობის პირობებში, როდესაც ერთი სემესტრის განმავლობაში სტუდენტმა შეიძლება ძირითადი სპეციალობისაგან სრულიად განსხვავებული პროფილის საგნები ისწავლოს დამატებითი სპეციალობისა და თავისუფალი დისციპლინების ფარგლებში.

ასევე მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების რეგულარული დამუშავება სხვადასხვა სასწავლო წლების შედეგების შედარების მიზნით, რათა ნათლად გამოჩნდეს განხორციელებული ცვლილებების ეფექტი (ან მისი არარსებობა).

ნებისმიერ შემთხვევაში სტუდენტთა მოსწრების ანალიზი რეგულარულად უნდა ტარდებოდეს ყოველი სემესტრის ბოლოს და მისი შედეგები განიხილებოდეს ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

 
ბოლო განახლება: 24 მაი'12 22:53 | გვერდების ნახვა: 37,397,457
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009
Design: Elene Shenlegalaia; Development: Tea Kharitonashvili