ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში NATO-ს მეცნიერება მშვიდობისთვის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა ქსელური ინფრასტრუქტურის პროექტით NATO-NIG №983210 გათვალისწინებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი (პროექტის ხელმძღვანელი: გიორგი ღვედაშვილი).
ცენტრის ძალისხმევა მიმართულია სასწავლო პროცესის სამეცნიერო მოღვაწეობასთან მჭიდროდ დაკავშირებისკენ, რათა სტუდენტს სწავლის პერიოდშივე ჩამოუყალიბდეს ის ძირითადი წეს-ჩვეულებანი, რაც შემდგომში აუცილებელი იქნება მისი წარმატებულ მეცნიერად ფორმირებისათვის. ცენტრი, ასევე, ხელს უწყობს ახალი სასწავლო-სამეცნიერო იდეების წარმოშობას და, რაც მთავარია, მათ რეალიზებას.
ცენტრს კოორდინაციას უწევს თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი.
ძირითადი მიზნები:
-
სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა და განვითარება საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით, რათა მეცნიერებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი პირობები მათ წინაშე მდგომი ამოცანების წარმატებით გადაწყვეტისთვის: უზრუნველყოს ისინი საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, თანამედროვე სამეცნიერო ინფორმაციით და ხელი შეუწყოს, როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობას.
-
სამეცნიერო კვლევებისა და საუნივერსიტეტო განათლების ინტეგრაცია: ამ მხრივ, ცენტრის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობა მიმართული იქნება კონცეპტუალური მსოფლმხედველობის მქონე ახალი ტიპის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა მომზადებასა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაზე, რომლებიც შეძლებენ, გადაწყვიტონ თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული პრობლემები მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით.

-
თანამედროვე საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ქსელებთან კავშირს; დამოუკიდებელი სამუშაო პირობების შექმნა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთათვის.
-
დისტანციური და ელექტრონული სწავლების დანერგვა: ამ მხრივ პროექტში გათვალისწინებულია რამდენიმე სასწავლო ელექტრონული კურსის შექმნა და დისტანციური ცენტრის ამოქმედება.
-
სამეცნიერო კარიერის პრესტიჟის ამაღლება და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობისთვის. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდის, მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, სამეცნიერო გაცვლები სტუდენტებისა და დოქტორანტების მონაწილეობით, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, ერთობლივი გრანტები და სტიპენდიები, წამყვანი სპეციალისტების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით და ა.შ. )











