ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს

რეგლამენტი

ზოგადი დებულებანი

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო (შემდეგში – აკადემიური საბჭო) არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს, ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.
3. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითად საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას.
4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
5. აკადემიური საბჭო მართვას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
- მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება;
- თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
- არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსის საჯაროობა.
6. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწრს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
7. აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
8. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას და სავალდებულოა ყველა წევრისათვის.
9. აკადემიურ საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის რეგლამენტით, აკადემიური საბჭო წყვეტს დადგენილებით.
10. აკადემიურ საბჭოს აქვს ბეჭედი და ბლანკი წარწერით; „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“.

თავი I
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
- შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
- ფაკულტეტების წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
- ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
- თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
- წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
- წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
- წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
- მონაწილეობს წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
- სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;
- ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ცნობის წესს;
- ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;
- წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
- ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
- წლიურ ანგარიშს წარუდენს წარმომადგენლობით საბჭოს;
- ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;
- ირჩევს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს.
- განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
- ისმენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშს.
- ახორციელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

თავი II
აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელი

აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი (თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #1).

თავი III
აკადემიური საბჭოს შემადგენლობა

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 12 წევრით. თითოეულ ფაკულტეტს ყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი: ჰუმანიტარული ფაკულტეტი – 2 წევრი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი, მედიცინის ფაკულტეტი – 2 წევრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 2 წევრი, იურიდიული ფაკულტეტი – 2 წევრი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი.
4. აკადემიური საბჭო აირჩევა 4 წლის ვადით, წილისყრით ვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი.
5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილ შემთხვევებში.
6. აკადემიური საბჭო რეგლამენტით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, ქმნის დროებით კომისიებს. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე.
7. აკადემიური საბჭოპ საჭიროების შემთხვევაში იწვევს ექსპერტს.

თავი IV
აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს აკადემიური საბჭოს სამდივნო.
2. აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას.
3. აკადემიური საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს მდივანი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

თავი V
აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი

1. აკადემიური საბჭოს სხდომები
1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური საბჭო იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ორშაბათ დღეს, ან საჭიროებისამებრ. თავმჯდომარეს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 მოთხოვნით მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.
3. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. ყოველ წევრს უფლება აქვს სხდომის მიმდინარეობის დროს გააკეთოს განაცხადი სხდომის მიმდინარეობის შეყწვეტის ან შესვენების შესახებ.
5. თავმჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან საერთოდ შეწყვიტოს თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
6. სხდომა შესვენებების ჩათვლით გრძელდება არაუმეტეს 4 საათისა. სხდომის მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს დამსწრე წევრთა 2/3 თანხმობით.

2. დღის წესრიგი

1. აკადემიური საბჭოს სამდივნო, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც სამდივნოს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

3. გადაწყვეტილების მიღება

კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის 2/3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. ხმის მიცემა

1. კანონით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა და სიის ამოკითხვა).
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ს უფლება აქვს მოითხოვის ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
3. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას იკრძალება აკადემიური საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.
4. ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას დგინდება ბიულეტენების ფორმა. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
5. ბიულეტენის შევსებისას აკადემიური საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა მისი გადახაზვით.
6. მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.

5. ოქმის წარმოება
აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმი იწარმოება აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ. სხდომის მიმდინარეობა იწერება აუდიო ფირზე. ჩანაწერი სამდივნოს მიერ ინახება ოქმის წერილობით გაფორმებამდე.
2. ოქმი მოიცავს:
- სხდომის თარიღს, დაწყებისა და დასრულების დროს
- სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა სიას
- დღის წესრიგს
- სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს
- განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები გადაეცემა მდივანს ოქმის დანართის სახით.
3. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედი

6. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
აკადემიური საბჭოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები ხორციელდება V თავის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

7. აკადემიური საბჭოს რეგლამენტის ძალაში შესვლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის რეგლამენტი ძალაში შედის გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნებისთანავე.

      © 2006 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.